რჩევები დამწყებ ტაროლოგებს

ჩვენთან რომ ყიდულობენ ტაროს, ხშირად მწერენ ხოლმე, ეს რამხელა დასტაა, საიდან დავიწყო ვერაფერი გავიგეო 😂 დაწყება რთულია, მთავარია შეიყვარო შენი დასტა და შემდეგ ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის.

მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ, რაც დასაწყისისთვის გამოგადგებათ.



ტაროს შესწავლა დაიწყეთ “კლასიკური” დასტით

დამწყებთათვის იდეალური ვარიანტია რაიდერის დასტა. თუ რაიდერი მაინცდამაინც არ გიზიდავთ, შეგიძლიათ მის სისტემაზე აგებული სხვა დასტა აარჩიოთ. ეს აუცილებელი წესი არ არის, ყველას თავისი გემოვნება აქვს და ყველას ცხოვრებაში სხვადასხვა გზით შედის ტარო. მაგრამ თუ ტაროს სტრუქტურის შესწავლა გსურთ, აჯობებს “ანბანით”, ანუ რაიდერ ვეიტის დასტით დაიწყოთ.


აითვისეთ არკანები


თავიდან რთულია თითოეული არკანის მნიშვნელობების სწავლა. ტაროში არ არსებობს კარგი და ცუდი, იღბლიანი და უიღბლო და ა.შ. არკანები. თითოეულ არკანზე თითო წიგნის დაწერა შეიძლება. ნუ ეცდებით მხოლოდ იმ ინსტრუქციით დაკმაყოფილდეთ, რაც დასტას მოყვება. ჩაატრეთ მედიტაციები და ეცადეთ აითვისოთ არკანები. განმარტოვდით, მოეწყვეთ კომფორტულად, ჩართეთ მუსიკა, რომელიც რელაქსაციაში გეხმარებათ, დაიჭირეთ ხელში დასტა და ამოიღეთ ნულოვანი არკანი – სულელი. უყურეთ სურათს. რას ხედავთ? რა ხდება მთავარი პერსონაჟის სამყაროში? როგორ ხასიათზეა? როგორი ამინდია? რას გრძნობთ ამ გარემოში?
ეს მეთოდი დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ კონკრეტული არკანის არსი და მათი სტანდარტული ინტერპრეტაციების გარდა ინტუიციურადაც მისცეთ მნიშვნელობები.
ასე მორიგეობით დაათვალიერეთ მთელი დასტა.


აირჩიეთ ერთი კონკრეტული დასტა


ზოგი იმდენად აღფრთოვანებულია ლამაზი და მრავალფეროვანი არჩევანით, რონ ერთდროულად ბევრ დასტას ყიდულობს. ჩემი რჩევაა, დასაწყისისთვის შეარჩიოთ მხოლოდ ერთი დასტა და როდესაც კარგად შეისწავლით, შემდეგ შეგიძლიათ გაამდიდროთ თქვენი კოლექცია სხვა დასტებით.

აწარმოეთ ტაროს დღიურები


არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით დაიწყებთ წარმოებას, ისე გააკეთეთ, როგორც თქვენ გირჩევნიათ. კომენტარი გაუკეთეთ თითოეულ არკანს, ჩაწერეთ თქვენი გაკეთებული გაშლები და რა ინფორმაცია მოგცათ. ასევე შეგიძლიათ ყოველ დილით ან საღამოს ამოიღოთ “დღის არკანი”. აჩეხეთ დასტა და ამოიღეთ ერთი არკანი. ეს არის თქვენი დღის არკანი, რომელიც გეტყვით რა ენერგიებთან იქნება დაკავშირებული ეს დღე. დღის ბოლოს ჩაწერეთ როგორ “იმუშავა” ამ კონკრეტულმა არკანმა.


თავიდანვე დიდი გაშლების გაკეთებას ნუ ეცდებით


არსებობს გაშლების მრავალი სახეობა (მეც ბევრი მაქვს მოგონებული). არის ისეთი გაშლაც, სადაც საჭიროა ყველა არკანის გამოყენება. მაგრამ თავიდან აჯობებს თუ მარტივი, 1, 2 ან 3 არკანიანი გაშლებით შემოიფარგლებით, რომ გაგიადვილდეთ მათი ინტერპრეტაცია და არ დაიბნეთ. ასევე აჯობებს თუ გაშლებს დაიწყებთ საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის. ჯერ საკუთარ თავზე გამოცადეთ და შემდეგ დაიწყეთ სხვებზე დაპრაქტიკება.


გაუფრთხილდით ენერგიებს


ბევრი ფიქრობს ტარლს გაშლას რა უნდა, უბრალოდ უნდა აჩეხო და მოიღო არკანებიო. მაგრამ სინამდვილეში ტაროს გაშლას სჭირდება ენერგია. დაზოგეთ ეს ენერგია. ნუ ეცდებით ერთდროულად 3-4 და მეტი გაშლის გაკეთებას და ათობით ადამიანისთვის პასუხის გაცემას. ასევე ნუ გაშლით ტაროს ისეთ დროს, როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ ან უხასიათოდ ხართ. ტარო მაშინ უნდა გაშალოთ, როცა ამის განწყობა და ხასიათი გექნებათ. როცა სხვას უშლით, აჯობებს თქვენი ენერგეტიკა ცოტათი მაინც დაიცვათ. შეგიძლიათ მაგიდაზე დადგათ წყლით სავსე ჭიქა და გაშლის ბოლოს გადაღვაროთ ან დაანთოთ სანთელი.


ტაროს წმენდა


ხშირად მეკითხებიან რა პერიოდულობით უნდა გავწმინდოთ დასტაო. როცა გაჩუქებენ ან შეიძენთ და სახლში მიიტანთ, საჭიროა ამ დროს გაწმინდოთ და დამუხტოთ თქვენს ენერგიაზე.  შემდეგ თქვენითაც მიხვდებით როდისაა წმენდის ჩატარება საჭირო. მე მაშინ ვწმენდ თუ მას სხვა ადამიანი შეეხება ან ენერგეტიკულად მძიმე ადამიანთან მქონდა ტარის სესია.


კითხვის სწორი ფორმულირება


მოგოყვანთ რამდენიმე მაგალითს:

“გამოვა თუ არა ეს საქმე?” ❎
“რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს საქმე გამოვიდეს?” ✅

“რამდენ ხანში შევძლებ ჩემი მიზნის მიღწევას?” ❎
“უახლოესი ერთი თვის მანძილზე მივაღწევ ჩემს მიზანს, თუ მუშაობას განვაგრძობ?” ✅

“ვიპოვი ნამდვილ სიყვარულს?” ❎
“რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მოვიზიდო სიყვარული?” ✅

ხომ მიხვდით პრინციპს?

არასწორად დასმული კითხვა = დამაბნეველ პასუხს.


ტაროს სხვა პრაქტიკები


ბევრგან წაიკითხავთ და მოისმენთ, რომ ტაროს საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული ენერგიების გააქტიურება და რიტუალების ჩატარება. აჯობებს ეს მაშინ გააკეთოთ, როცა ტაროს კარგად შეისწავლით.



Comments

Popular Posts